საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგროს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 84:79 გაიმარჯვა. ასეთ გუნდთან წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის წინ ქართველების ფსიქოლოგიურ განწყობაზე უთუოდ დადებითად იმოქმედებს. კალათბურთი ხომ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სახეობაა.

 

ჩვენს გუნდს მონტენეგროსთან აქამდე სულ სამჯერ ჰქონდა ნათამაშები, სამივე ერთმანეთზე სანახაობრივი და ემოციური დაპირისპირება იყო. 90:84 – ეს ანგარიში ქართველ გულშემატკივარს დიდი ხანი ემახსოვრება. მონტენეგროში ამ მოგებით ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტი 2017-ის საგზური მოიპოვა. გემახსოვრებათ ვიქტორ სანიკიძის თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანიც. ესეც მონტენეგროსთან იყო.

ექსიუგოსლავიურ ნაკრებთან „ჯვაროსნებმა“ ბოლოს 2022 წლის ევრობასკეტზე, თბილისში ითამაშეს. მაშინ ჩვენს მეტოქეს NBA-ელი ნიკოლა ვუჩევიჩი არ ეხმარებოდა. წლეულს კი ის თბილისშია, ფინალში ძალიან შედეგიანი იყო. თუნდაც მხოლოდ ვუჩევიჩის ფაქტორის გათვალისწინებით, წინა წელთან შედარებით მონტენეგრო უკეთესი გუნდია.

თუმცა, 2022 წლის ევრობასკეტის შემდეგ საქართველოს ნაკრებიც გაძლიერდა, დაუბრუნდა თორნიკე შენგელია, რომელიც, შესაძლოა, იმაზე მეტია გუნდისთვის, რაც ვუჩევიჩი მონტენეგროსთვის.

„თბილისი არენაზე“ გულშემატკივარმა მაღალი კლასის შემსრულებლების სანახაობრივი მატჩი იხილა. საქართველო პირველ ტაიმში უფრო ლაღად თამაშობდა და მოიგო კიდეც საწყისი 20 წუთი (45:39). ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პერიმეტრიდან ტყორცნები იყო – 9 რეალიზებული სამიანი.

მესამე პერიოდში მონტენეგროს დაცვა გაცილებით აგრესიული გახდა და მეტოქემ არათუ გათანაბრება მოახერხა, 7 ქულითაც დაწინაურდა. თუმცა, ბითაძის ჩატენვითა და მაკფადენის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით ქართველებმა სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.

როგორც ამ გუნდების წინა შეხვედრებში, გამარჯვებულის ბედი ამჯერადაც ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, მატჩის ბედი კი ისევ და ისევ სამქულიანებმა გადაწყვიტა: მეოთხე პერიოდის კრიტიკულ მომენტებში პერიმეტრიდან თავი ბითაძემ, მაკფადენმა და მამუკელაშვილმა გამოიჩინეს. მამუმ სულაც სირენამდე 1:33 წუთით ადრე ჩააგდო ურთულესი სამიანი და სხვაობა 7-მდე გაზარდა – 79:72. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო წამებზე მეტოქე განზრახ ფოლების ტაქტიკაზე გადავიდა და დუდა სანაძემ სამი ზუსტი ტყორცნა შეასრულა.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრები გამარჯვებულია და პოზიტიური განწყობით მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე.