საქართველოს ნაკრებმა პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. რაპირით ფარიკაობაში, B კატეგორიაში მოასპარეზე ირმა ხეცურიანმა ვერცხლი მოიგო. ფინალში ის ანგარიშით 7-15 მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან ბეატრის ვიოსთან დამარცხდა. ხმალში გამართული შეჯიბრი ხეცურიანმა პირველ ადგილზე დაასრულა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ის უკრაინელ ოლენა ფედოტას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად, 15-6 გაიმარჯვა. მისთვის ეს რიგით მერვე ოქროს მედალია მსოფლიო თასზე. A კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო თიბილაშვილი გახდა.
მედლების გარდა, დაჯილდოების ცერემონიაზე ხეცურიანს 2017 წლის მსოფლიო თასების გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდოც გადასცეს. აღნიშნულ ჯილდოს ტურნირის ყველა ეტაპის შედეგების მიხედვით რეიტინგის პირველ ნომერს აძლევენ. გასული წლის 23 წლამდელთა მსოფლიო თასის ლიდერი კი ნინო თიბილაშვილი გახდა. ისიც შესაბამისი პრიზით დაჯილდოვდა.
საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც მალხაზ მესხია, სამი მონაწილისგან შედგებოდა. ირმა ხეცურიანისა და ნინო თიბილაშვილის გარდა, ტურნირზე გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობდა. ეს მისთვის პირველი საერთაშორისო შეჯიბრი იყო.
მსოფლიო თასის გათამაშების მომდევნო ეტაპი მარტში იტალიაში გაიმართება.