საქართველოს ნაკრები ტრენტოს თასზე იტალიასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის გზაზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრენტოში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს ყველაზე მეტი საკონტროლო შეხვედრა სწორედ იტალიელებთან აქვს გამართული (8). ისევე როგორც წინა შემთხვევებში, გამარჯვება ამჯერადაც „სკუადრა აძურას“ დარჩა – 79:68.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოსთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა. გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი. იტალიასთან მატჩში კი გუნდს ვერ დაეხმარა სანდრო მამუკელაშვილი. მან მატჩის წინ მცირე დისკომფორტი იგრძნო და მთავარმა მწვრთნელმა მისი მოედანზე გაყვანა არ გარისკა.

იტალიის ნაკრებს ეხმარება NBA-ელი დანილო გალინარი, რომელიც მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ზედმეტად არ დატვირთა – ყველა კალათბურთელს მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაუნაწილა სათამაშო დრო.

ასევე მოიქცა ქართველთა სერბი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი, რომელმაც პირველ ტაიმში თორთმეტიდან ათი კალათბურთელი ათამაშა. ჩვენი მწვრთნელი ოფიციალური შეხვედრებისთვის არჩევს ოპტიმალურ შემადგენლობას. ჯიკიჩს იტალიასთან საკონტროლო მატჩში კიდევ არაერთი მიზანი ჰქონდა: საკუთარი ტაქტიკური მონახაზის მოედანზე მეტ-ნაკლებად კარგად გადატანა, გუნდის შეთამაშება და სათამაშო პრაქტიკის შეძენა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის თითქმის ყველა კალათბურთელმა ივნისამდე დაასრულა სეზონი. მხოლოდ თორნიკე შენგელიამ და ჯო ტომასონმა ითამაშეს საკუთარ კლუბებში ივნისის შუა რიცხვებამდე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვერც იტალია და ვერც საქართველო ოპტიმალურ კონდიციებში ვერ იქნებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ გუნდებს ბევრი ბურთი გაუცუდდათ. ეს მოხსნებზე თავიდანვე აისახა: პირველ ტაიმში იტალიას 12 მოხსნა ჰქონდა, საქართველოს – 21. ფარქვეშ „ორლანდოს“ ცენტრი გოგა ბითაძე დომინირებდა, რომელმაც მესამე პერიოდშივე მიითვალა ორმაგი დუბლი, საბოლოოდ კი 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

რაც შეეხება მატჩის ბომბარდირს, საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ვიცე-სნაიპერი დანილო გალინარი გახდა – 13 ქულა.

მატჩის მეორე ტაიმი მთლიანად იტალიის დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოსთვის მზადების პროცესში ჩვენი გუნდი ორ საკონტროლო მატჩს გამართავს –  26 ივლისს – კამერუნის ნაკრებს დაუპირისპირდება, 28-ში – ეგვიპტეს.

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი 2-დან 7 ივლისამდე გაგრძელდება.

საქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 19:00

საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 15:30