თბილისის ოლიმპიურ აუზზე წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში იაპონია საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 13:12. ტურნირის მეორე დღეს ჩვენი გუნდი მონტენეგროს უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 8:19 დამარცხდა.
პირველი პერიოდი მეტოქემ ძალიან კარგად დაიწყო. მონტენეგრო რიგ ეპიზოდებში მაღალი პრესინგით თამაშობდა. საბოლოო ჯამში, მათ მიერ გატანილ 8 ბურთს ფაბიო ბარალდის ორი გოლით ვუპასუხეთ.
საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდი უკეთესად ჩაატარა. მიუხედავად ამ პერიოდში მარცხისა, ჩვენი გუნდი მეტოქეს თანაბრად ეთამაშებოდა და მხოლოდ ორი ბურთით (4:6) დამარცხდა.
მეორე ტაიმი შედარებით უფრო დაბალშედეგიანი გამოდგა. მესამე მეოთხედში ჩვენმა მოთამაშეებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს, მონტენეგრომ – სამის. ბოლო პერიოდში მეტოქემ სხვაობა 11-მდე გაზარდა და საბოლოო ჯამში, ჩვენი გუნდი 8:19 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ, 28 ივნისს აშშ-ის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებთან ერთად ასპარეზობს.
მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.