ანდრია ბითაძე - საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ გაიზარდა და გრანდებთან ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT
ანდრია ბითაძე - საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ გაიზარდა და გრანდებთან ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიურ აუზზე წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ურთულეს შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 13:12.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ანდრია ბითაძე დაასახელეს, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

„იაპონია ყველასგან განსხვავებულ წყალბურთს თამაშობს, ძალიან სწრაფი გუნდია, ჩვენ კი უფრო ძალისმიერი სტილი გვაქვს და ამდენად, ურთულესი თამაში გვქონდა. ჩემი აზრით, ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ ძალიან გაიზარდა და გრანდებთან ბრძოლა შეუძლია. გულშემატკივრების თანადგომამ ჩვენზე ძალიან კარგად იმოქმედა და ძალა შეგვმატა. მიხარია, მოსული ხალხი რომ გავახარეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სანდრო ბითაძემ.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელის, დეიან სტანოევიჩის ასისტენტის ზუკა რურუას თქმით, გუნდმა მაღალი დონის თამაში აჩვენა.

„იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია და სასიხარულოა, რომ მოვუგეთ და ამით საქმის ნახევარი გავაკეთეთ. ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ მცირე დროის მუშაობის მიუხედავად, დეიან სტანოევიჩმა გუნდის კარგად მომზადება მოახერხა. ასეთ ძლიერ ნაკრებს სხვაგვარად ვერ მოვუგებდით“.

საქართველო ამ პრესტიჟულ ტურნირს 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ საქართველოს პირველად მიანიჭა. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები – აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მონაწილეობენ.

მეორე სათამაშო დღეს, 27 ივნისს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ აუზზე 16:30 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 28 ივნისს დასრულდება.