საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.
დღევანდელი ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად.
საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, – ნათქვამია განცხადებაში.