საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი გახარიას მიმართ ოთხი კონგრესმენის წერილს ავრცელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.
როგორც წერილშია აღნიშნული, შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.
„ჩვენ გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც არიან დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციისადმი საქართველოს გზის დიდი ხნის მხარდამჭერები. ამის მიუხედავად, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა გამოხატა თქვენდამი 2019 წლის 13 დეკემბერს მიწერილ წერილში, ჩვენ შეშფოთებულები ვართ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო.
მაშინ, როდესაც საქართველო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით წინ მიიწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ, ჩვენ მოგიწოდებთ, დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ, რომ ისინი დაცული იქნება შიდა და გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ თქვენს საპასუხო წერილში, თქვენ პირობა დადეთ, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. თუმცა, ბოლო ცნობები აჩვენებს, რომ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელი. როგორც ჩანს, ამ ანგარიშებით ვრცელდებოდა ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური განწყობები, რაც მიუღებელია.
გარდა ამისა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორები ხელახლა ხსნიან ძველ სამართლებრივ საქმეებს პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს შესაძლოა, ჰქონდეს საფუძველი, ზოგი კი აღიქმება როგორც წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკური ფიგურების, ახალი ამბების მიმწოდებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დევნა“, – ნათქვამია ოთხი კონგრესმენის წერილში.
მათივე თქმით, კანონის უზენაესობის პატივისცემა, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა ჯანსაღი დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც იყო გარანტირებული მმართველი პარტიის მიერ.
„1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, ჩვენ მოწმე ვართ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ მიიწევს წინ დემოკრატიისკენ და დასავლეთთან უფრო გაღრმავებული პარტნიორობისკენ. თუმცა, გასული სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოდგენილი დაპირების მიუხედავად, ბოლოდროინდელი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას გვიჩვენებს, რამდენადაც ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა განიცადეს შევიწროება, რამაც მრავალი დააფიქრა მათ ბიზნესრისკებზე.
ამასთანავე, „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სავარაუდო დევნა აკავებს ან ხელს უშლის ამერიკული კომპანიებისგან ინვესტიციებს ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს მოვლენები, როგორც ჩანს, აისახება მზარდ არასახარბიელო ბიზნესგარემოზე და შესაძლოა, მომავალში შეაკავოს ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არა მხოლოდ ვნებს ქართველ ხალხს და მათ იმედებს უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ დასავლურ ინსტიტუტებთან, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში. საქართველო შესაძლოა, იყოს სასიცოცხლო ჰაბი საქონლის გადაზიდვისას აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალურ აზიაში და უკან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.
ჩვენ აღვნიშნავთ ამ შეშფოთებებს იმედით, რომ გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დემოკრატია და ავირიდოთ უარყოფითი გავლენა იმ ფართო ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერაზე, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველომ შეძლოს, იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი მრავალი წლის განმავლობაში. ველით თქვენს პასუხს“, – ნათავამია ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილში.