საქართველოს მთავრობაში ცვლილებების შესახებ გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გააკეთებს. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის საგანგებო ბრიფინგი 11.00 საათზე დაიწყება.
პირველი არხის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.
მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდება, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უქმდება და ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.
რაც შეეხება მინისტრებს, პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.
ეკონომიკის მინისტრად სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.
ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, დანარჩენებს კი გადაადგილებები შეეხებათ.
გიორგი მღებრიშვილის გარდა, ვრცელდება ინფორმაცია განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის შესახებაც.