საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მექანიზმი შეთანხმებულია
ჩვენ ვსაუბრობთ არა შვიდ, არამედ უკვე ცხრა პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად. ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანაში საკვები პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტია და ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს.
„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს, თუ რა ვითარებაა საკვებ მარაგებთან დაკავშირებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვების მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, სადაც შვიდ ძირითად პროდუქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით, შეგვექმნა ფასების შეკავების მექანიზმი, რომელიც პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულია როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორთან. ჩვენ ვსაუბრობთ არა შვიდ, არამედ უკვე ცხრა პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანია და არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად. ამ თვალსაზრისით, ფასების ზრდა არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.