საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განვითარების პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება და ანალიზი, მათ შორის ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება, რათა ქვეყნის ინსტიტუტები მომავალში მსგავს შესაძლო კრიზისებს უფრო ეფექტიანად გაუმკლავდნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორიც სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა.
მათივე ინფორმაციით, შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და „კოვიდ-19“-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები. პრემიერ-მინისტრმა კვლევაზე მუშაობის პროცესში ჩართულ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ინტერესისა და აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა მიღწეული, წარმატების მიუხედავად, და შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე, როგორც მსგავს კრიზისებს მომავალში, კიდევ უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.
პანდემიაზე რეაგირების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.
„გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით, დიდ სიამოვნებას მგვრის საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო. მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა. ამ ფონზე გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს, რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის, კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხები.
„ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით, რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელის შეფასებით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, გააუმჯობესოს მზადყოფნა პანდემიებისთვის და კიდევ უფრო ააჩქაროს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება.
„ჩვენთვის, როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევა სპეციალურ აქცენტს გაამახვილებს მოწყვლად ჯგუფებზე, ისეთზე, რომელთა სიტუაცია შეიძლება ადრე არც კი ყოფილა კარგად გამოკვლეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით. მაგალითად, როგორებიც არიან ხანდაზმულები, ახალგაზრდები და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფები – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებიდან და ა.შ. მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით ფართოდ ვუყურებთ ამ კვლევას და ვფიქრობთ, რომ მას შორს მიმავალი შედეგები ექნება“, – აღნიშნა ლელა ბაქრაძემ.
კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაერო-ს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.