საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიციირება მომავალ კვირას მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა, 100 000 ლარის ნაცვლად, 200 000 ლარით განისაზღვრება.
პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები განსაზღვროს.
„„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობას ერთ მსესხებელზე არაუმეტეს 50 000 ლარით განსაზღვრავდა. 2017 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, მიკროკრედიტის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. ლიმიტის ზრდასთან ერთად, სექტორის რეგულირებაც გაძლიერდა, რამაც, როგორც მთავრობა განმარტავს, სექტორი უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე, და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა კონკურენტული გარემო და, შედეგად, მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი პორტფელის მოცულობა 1.1 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. დღესდღეობით მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება არსებული მსესხებლების შენარჩუნება”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.