საქართველოს მთავრობა მომავალ წელს 4.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს
საქართველოს მთავრობა მომავალ წელს 4.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. ამას 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. მომდევნო წლების პროგნოზები კი ასეთია: 2020 წელს 5 პროცენტი, 2021 წელს 5.5 პროცენტი, 2022 წელს 6 პროცენტი.
2018 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტს შეადგენდა. იგეგმება ამ მაჩვენებლის გადახედვა და გაზრდა 5 პროცენტამდე.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს, 2018 წლისთვის ის 5.5 პროცენტს, მომავალი წლისთვის კი, 4.8 პროცენტს შეადგენს.
„მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბიუჯეტის დაგეგმვა განხორციელდეს შედარებით კონსერვატიულ პროგნოზებზე, ვინაიდან ზოგიერთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებმა შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს საგარეო მოთხოვნაზე, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენი საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე“, – აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინება.