საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარადგენს
ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის: სამი თვით კომუნალური გადასახადების დაფარვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცხრა სახის სასურსათო პროდუქტის დაზღვევა, ანუ სპეციალური მექანიზმი მთავრობის მხრიდან, რომ ცხრა სახის პროდუქტზე არ გაიზარდოს ფასები; ასევე საგადასახადო შეღავათები ბიზნესისასთვის და სამი თვით საბანკო მომსახურებების გადავადება როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე ბიზნესისთვის.
„შემდეგ ეტაპზე უკვე გამოჩნდა ის უპრეცედენტოდ დიდი შრომის შედეგი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია და იმ თანმიმდევრული რეფორმების შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ, საქართველომ და მისმა მთავრობამ შეძლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზება საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დონორებისგან“, – განაცხადა მან.
პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, 24 აპრილს საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს.
„ასევე მინდა, გითხრათ, რომ პარასკევს, 24 აპრილს საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც ორ-ეტაპიანი იქნება. ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.