საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ
საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი ეწვია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან.
„მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით საერთაშორისო მასშტაბით, რადგან ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები უკვე მეოთხედ ეწვივნენ საქართველოს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ სავიზიტო ქვეყნად საქართველო 2016 წლიდან ჩართო. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა გააცნო და უპასუხა მათ შეკითხვებს.