საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ აირჩევს
საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ აირჩევს

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრის გზით დღეს ბოლოჯერ აირჩევს.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი განსაზღვრულია ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციით, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ერთჯერადად ექვსი წლის ვადით, 2023 წლამდე აირჩევს, რის შემდეგაც პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერში, პარლამენტის სასახლეში გაიმართება და პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

პარლამენტმა კონსტიტუციური პროექტი მიმდინარე წლის 23 მარტს დაამტკიცა, რომლის განხილვა გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად წარიმართა.