საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა.
ქართველი მორაგბეები რუსეთს კრასნოდარში ესტუმრნენ და შეხვედრა მძიმე ბრძოლაში მოიგეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ქართველი მორაგბეები ბევრ შეცდომას უშვებდნენ და მეტოქეს საკუთარ მოედანზე გამაგრების საშუალება მისცეს.
პირველ ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” მასპინძლების იერიშები ჯარიმების ხარჯზე მოიგერიეს, კუშნაროვმა საჯარიმო დარტყმები უშეცდომოდ შეასრულა და მასპინძლებს 9 ქულა მოუტანა. ქართველებმა საპასუხოდ მხოლოდ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს (ფეიქრიშვილი) და ტაიმი ორ ქულიანი სხვაობით დათმეს.
პირველი ტაიმის შემდეგ – რუსეთი 9:7 საქართველო.
მეორე ნახევარი სხვაგვარი სცენარით წარიმართა. ტაიმის დასაწყისში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში კარგი მოლი ჩამოაყალიბეს, რომელიც მასპინძლებმა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. ჯარიმა სოსო მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა – 9:10.
67-ე წუთზე “ბორჯღალოსნებმა” მეორე ლელო კვლავ მოლიდან დადეს, გარდასახვა მათიაშვილმა შეასრულა და ქართველმა მორაგბეებმა კომფორტული 8 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.
ანალოგიურად განვითარდა მოვლენები 73-ე წუთზეც, როდესაც მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში “ბორჯღალოსნებმა” მოლი ჩამოაყალიბეს, კარგად მიაწვნენ და უპირატესობა მოიპოვეს. მოლს მიხეილ გაჩეჩილაძე მოეხსნა და სტუმართა მე-3 ლელო დადო.
76-ე წუთზე, ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს და ჯარიმის უპირატესობა მოიპოვეს. ვასილ ლობჟანიძემ ბურთი მეტოქის დაცვის ხაზს უკან, ლელოში შეაგორა, ბურთთან კი პირველი ანზორ სიჭინავა აღმოჩნდა, რომელმაც გუნდის მე-4 ლელო დადო.
საბოლოო ანგარიში რუსეთი 9:29 საქართველო.