საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების ორგანიზება 2-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება
უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების კორექტირება მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ცვლილებების გადამუშავებულ ვერსიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აცნობს.
ცვლილებებით ერთი მხრივ, იცვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის დადგენილი სასჯელის ვადა, მეორე მხრივ კი, დანაშაულის დეფინიცია.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. კორექტირებულ ვერსიაში კი, დაკონკრეტებულია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზება ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.
ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილია – არაერთგზის; ყალბი საბუთების გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე (იყო 5-დან 8 წლამდე). ამასთან, კანონპროექტის კორექტირებული ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 8 წლამდე. იურუდიული პირი კი, დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.