საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მიმართვის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები – ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური და გივი ჭიჭინაძე არიან.
კანონპროექტით განმარტებულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება კანონის იმ მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენენ 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს. დეპუტატთა ცნობით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა საქართველოს 1935-მა, ხოლო 2019 წელს – 2044-მა ყოფილმა მოქალაქემ.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს – 7234-მა მოქალაქემ. 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა საქართველოს 1217-მა ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.