საქართველოს მოქალაქეობაზე ახალი რეგულაციები კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული რეგულაციები მომავალი წლის ნოემბრის ნაცვლად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას კობახიძემ განაცხადა, ახალი კონსტიტუციით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის.
მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს შეთავაზება იყო, რომ შესაბამისი ნორმა უფრო ადრე ამოქმედდეს, ვიდრე სხვა რეგულაციები.
„კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, მოქალაქეობის თაობაზე ნორმა ამოქმედდება ”, – დასძინა სპიკერმა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. ამასთან, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი ორგანული კანონით განისაზღვრება.