საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არღვევენ, გარკვეული ტიპის სანქციები დაეკისრებათ
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არღვევენ, გარკვეული ტიპის სანქციები დაეკისრებათ

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.

„განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც ჩვენი ქვეყანა აწყდება სხვადასხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იმის გამო, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება და მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე დღეს საგანგებო თათბირი გამართა.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაეკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. გარდა ამისა, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.