საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე უკრაინის „შავ სიაში“ შეყვანას გაუგებრობად მიიჩნევს
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი მირანდა თურმანიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიყვანა უკრაინამ „შავ სიაში“.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მოვხვდი სიაში. ახლა გავიგე ამის შესახებ. ანექსირებულ ყირიმთან არანაირი შეხება არ მაქვს. არც ნათესავი ან მეგობარი მყავს იქ, თუნდაც დისტანციური კონტაქტი რომ მქონდეს ვინმესთან. უკრაინაში, მით უმეტეს ყირიმში, არასდროს ვყოფილვარ“, – აცხადებს მირანდა თურმანიძე.
მისი თქმით, არც ერთი ქმედება, რომელიც სანქციების დაწესების მოტივად არის დასახელებული, არ ჩაუდენია.
კითხვაზე, ხომ არ ჰქონია რამე შეხება ანექსირებულ ყირიმთან სამეცნიერო საქმიანობისას, რაც შეიძლება, სანქციების დაწესების მიზეზი გამხდარიყო, მირანდა თურმანიძე იხსენებს, რომ 2017 წელს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და თეზისების გაგზავნასაც დათანხმდა, თუმცა, მოგვიანებით შეიტყო, რომ კონფერენცია ანექსირებულ სევასტოპოლში უნდა გამართულიყო და მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ერთადერთი, რაც მახსენდება, 2017 წელს მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელს შემოგვთავაზეს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა და გვთხოვეს თეზისების გაგზავნა. გავგზავნეთ თეზისები იმ თემებზე, რაზეც გვსურდა მოხსენებების მომზადება. ეს ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ კვლევებს და აღმოჩენილ არტეფაქტებს. არც ამ კუთხით, თეზისების შინაარსის თვალსაზრისითაც არ ყოფილა რამე შეხება უკრაინასთან ან ყირიმთან. შემდეგ მოგვივიდა მოწვევა და გავიგეთ, რომ კონფერენცია სევასტოპოლში იმართებოდა, რაზეც ყველამ ერთხმად განვაცხადეთ უარი. ვთვლი, რომ საქართველო და უკრაინა მსგავს სიტუაციაში არიან და არასდროს მიფიქრია ანექსირებულ ყირიმში ჩასვლა“, – აცხადებს მირანდა თურმანიძე.
კითხვაზე, იცოდა თუ არა თეზისების გაგზავნისას, რომ კონფერენცია ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, მირანდა თურმანიძე აცხადებს, რომ მისთვის ამ გარემოების შესახებ ცნობილი არ იყო.
„მოგეხსენებათ, როდესაც გთავაზობენ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას, რომელიც შენი საქმიანობის და კვლევის სფეროს ეხება, რა თქმა უნდა გიჩნდება, სურვილი წახვიდე. შეიძლება, ამ დროს ყველა დეტალს არ დაუკვირდეს. წარმოდგენა არ მქონდა თუ ანექსირებულ ტერიტორიაზე იმართებოდა. ვიცოდი, რომ უკრაინაში უნდა გამართულიყო. გაკვირვებული ვარ. ეს დოკუმენტი პირადად არ მინახავს. ისიც არ ვიცი, ვის მივმართო, რათა ვითარებაში გავერკვეთ და დავადასტურო, რომ უკრაინის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩამიდენია“, – აღნიშნა მირანდა თურმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. დოკუმენტში 800-ზე მეტი პირია შეყვანილი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი მირანდა თურმანიძე.