საქართველოს მომავალი ევროპულია - „ევრონიუსი“ სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
საქართველოს მომავალი ევროპულია - „ევრონიუსი“ სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

საქართველოს მომავალი ევროპულია, – ამ სათაურით აქვეყნებს „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას.

სტატიაში 19 აპრილს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტსა და საქართველოს პერსპექტივებზეა საუბარი.

„ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება, რომ ეს შეთანხმება შედგა და მას ხელს აწერენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები. ამ ხელშეკრულებით დასრულდა კრიზისი, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვის და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე.

დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის საშუალებით, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის კეთილდღეობისთვის გვერდით გადადეს უთანხმოება. ეს ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით მოხდა, რამაც საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის, იმიჯი გამოაცოცხლა. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, საჭიროა კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის შენარჩუნება. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულსა და ყველას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმება „საქართველოში მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების გამარჯვებაა“ .

„ევროპული დახმარებით, ეს შეთანხმება გააღრმავებს ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმებს. საარჩევნო პროცესი შესაბამისობაში იქნება უმაღლეს სტანდარტებთან და სასამართლო სისტემის რეფორმები დაასრულებს მართლმსაჯულების პოლიტიზების ნებისმიერ აღქმას.

ძალაუფლების განაწილების პროცედურები საქართველოს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე პლურალისტურად აქცევს. ეს ცვლილებები არა მხოლოდ ქართულ დემოკრატიას გახდის უფრო აქტიურს, არამედ უზრუნველყოფს რეფორმების ინკლუზიურობასა და სიცოცხლისუნარიანობას.

ასევე, „გამარჯვებაა ქართველი ხალხისთვის“

პარტიული შუღლისგან შორს, აქცენტი გაკეთდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე: პანდემიასთან გამკლავება, ასევე მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, სტაბილურობის შენარჩუნება, ინვესტიცია მომავალში. ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში. დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია 200-ზე მეტი კონკრეტული პროექტითა და 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა განახორციელა დაახლოებით 1,85 მილიარდი ევროს ინვესტირება ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში.

ევროპიდან უფრო ხელშესახები მხარდაჭერა იქნება. ხელშეკრულება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას; ფინანსური დახმარება შეამსუბუქებს დარტყმას პოსტკოვიდური აღდგენისას; გაძლიერებული მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული აქცენტი ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ, გაზარდონ საქართველოსა და კავკასიის, შავი ზღვის რეგიონების ევროპასთან კავშირი, კიდევ უფრო ზრდის პოტენციალით.

გამარჯვება ევროკავშირისთვის –  ევროკავშირს შეუძლია, იმედი ჰქონდეს რეგიონში სტაბილური, მტკიცედ პროევროპული პარტნიორის, რომელიც ევროპული ფასეულობების, უსაფრთხოებისა და კავშირისთვის მნიშვნელოვანია. იმ პერიოდში, როდესაც ხდება რეგიონული ლანდშაფტის შეცვლა, საქართველოს მნიშვნელობა უფრო მეტად აქვს, ვიდრე ოდესმე.

ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირსა და საქართველოს ახლა სჭირდებათ ასოცირების შეთანხმების შესრულების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის უფრო გაძლიერება. ორმხრივი დღის წესრიგის გარდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას განახლებული და გაღრმავებული აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს, ზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და აფართოებს კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის. პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის აღსანიშნად, ჩვენ ვთავაზობთ ლიდერების შეხვედრას უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, უახლოეს თვეებში.

რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის დროს, ევროპისა და საქართველოს მიერ დემონსტრირებულ პასუხზე უკეთესი არ არსებობს. ერთი მხრივ, გადამწყვეტი ევროპული პოლიტიკური მხარდაჭერა მცირე, მაგრამ აქტიური დემოკრატიისადმი და დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმის თავიდან ასაცილებლად, მეორე მხრივ, საქართველოს გადაწყვეტილება, შეუფერხებლად გააგრძელოს თავისი ევროატლანტიკური მომავლისკენ არჩეული გზა“, – აღნიშნულია სტატიაში.