საქართველოს მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, დღეს საქართველოში დაბრუნდა.
ბერძნულ-რომაული სტილით 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა.
ნაკრების მწვრთნელი გუნდის გამოსვლით კმაყოფილია.
„კმაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, რუსეთს გავასწარით ერთი ქულით, ყველა მოჭიდავემ თავის გუნდში ერთი ჩათვლა გააკეთა. მსაჯობა იყო ძალიან არაობიექტური, თურქებთან ორი შეხვედრა წაგვაგებინეს. ძალიან სასიხარულოა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ფინალისტი და აქედან ერთ-ერთი ჩემპიონი გაგვიხდა.
ვულოცავთ საქართველოს ამ გამარჯვებას. მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ამ ასაკში და საქართველომ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა”, – განაცხადა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ.
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩი გამართულ ჩემპიონატზე ნაკრებმა გუნდური პირველობა მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა (66კგ) , მან ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალენ მირზოიანი დაამარცხა. ვერცხლის მედლები კი გელა ბოლქვაძემ (75კგ), ლაშა გობაძემ (80კგ) და ზვიად პატარიძემ (130კგ) მოიპოვეს.