საქართველოს მეტროპოლიტენ ოპერისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში აშშ-ის კულტურული ინსტიტუტების წარმომადგენლებს – მეტროპოლიტენ ოპერის დირექტორს, ენ ზიფს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, ჯეი ლევენსონს შეხვდა.
შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქართული მხატვრობის, არქიტექტურის, მუსიკისა და ქართული სიმღერის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ორივე შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა – მეტროპოლიტენ ოპერის წარმომადგენლები და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) რეგიონულ კვლევითი ჯგუფები საქართველოს 2020 წელს ეწვევიან.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ მეტროპოლიტენ ოპერაში ქართული ოპერის დადგმის შესაძლებლობებზე ისაუბრა, რითაც დაინტერესდნენ მეტროპოლიტენ ოპერის წარმომადგენლები და გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული მუშაობა დაიწყება. MoMA-ს საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, ჯეი ლევენსონის განცხადებით კი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (MoMA) ჰყავს რეგიონული კვლევითი ჯგუფები, რომლებიც უკვე 10 წელია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ვიზუალურ ხელოვნებაზე მუშაობენ.
,,უნდა ვეცადოთ, რომ ამ ჯგუფმა 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მონახულება შეძლოს, რათა სიღრმისეულად შეისწავლონ ქართული ხელოვნება და არქიტექტურა. ექსპერტებმა შეისწავლონ არსებული ვითარება, რამდენად შესაძლებელია სამომავლო საგამოფენო პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ამ ურთიერთობებისათვის ძალიან კარგი დასაწყისია. მოუთმენლად ველი შევუერთდე ამ ჯგუფს და საქართველოს თავად ვეწვიო“, – განაცხადა ჯეი ლევენსონმა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ქართული კულტურის პოპულარიზაციის გამოცხადება და აღნიშნულ საკითხში პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო მასშტაბით ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდას.