საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დღეიდან დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.
შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
მოსახლეობას დროებით მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები მოემსახურება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად განიხილება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას“, – განაცხადა კალაძემ.