საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში 6 იანვარს 23:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
მსახურების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ტრადიციულად, მრევლი ილია მეორის საშობაო ეპისტოლესაც ელოდება, რომელშიც მისი უწმინდესობა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მოგვიანებით, შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები აინთება – უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა დღესასწაულს სწორედ ასე ხვდება. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე, სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.
ხვალ თბილისში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციად ქცეული საშობაო ალილო გაიმართება.
თეატრალიზებული მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდება.