საქართველოს მაისში ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი ეწვევა
საქართველოსა და ისრაელის კარგი ურთიერთობების წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას შევძლებთ, – ამის შესახებ ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, ელი კოენმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელი კოენის თქმით, საქართველო და ისრაელი არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ კარგი და ახლო მეგობრები არიან, რომლებიც ერთმანეთის გვერდით დგანან.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად სტრატეგიული მიზნები დაისახა.
„წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ტურისტების რიცხვი სულ უფრო იზრდება, მაგრამ გვინდა, უფრო მეტი ექსპორტ-იმპორტი ვიხილოთ. ჩვენი მიზანია, ხუთ წელიწადში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა იმ ახლო მეგობრობისა და კარგი ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით, რაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ“, – განაცხადა ელი კოენმა.
მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ისრაელში ვიზიტისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. ელი კოენი საქართველოს სავარაუდოდ 10 მაისს ეწვევა.