საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით კომპანია Hillwood-ი დაინტერესდა
საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით მსხვილი ამერიკული კომპანია Hillwood-ი ინტერესდება. ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის თავმჯდომარე ჰენრი როსს პეროტს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ქვეყანაზე გამავალ დერეფნებში ამერიკული კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მისასალმებელია, რომ ამ პოტენციალის გამოყენებით უფრო და უფრო მეტი მსხვილი კომპანია ინტერესდება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, რაც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ Hillwood-თან წარმატებული თანამშრომლობა შედგება და ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან ერთად კონკრეტული პროექტები განხორციელდება.