კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს. ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. პროექტი ამავდროულად, ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვირტუალური სტენდის ადაპტირებულ მოწყობასაც.
ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი პირველად უფლისციხის კომპლექსში დაიდგა. სტენდის პირველი მნახველები გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები იყვნენ.
დღესვე, უფლისციხის კომპლექსის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და კომპანია „ვირექს იმერსივ“-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლოზ გოგოჭურს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც სააგენტოს სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და საიმიჯო ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვა-განხორციელებას ითვალისწინებს.
უფლისციხის კომპლექსზე მოწყობილი Vrex box-ის ვირტუალური სტენდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის სფერული ვიდეოგადაღების მეთოდით ინსტალირებულ 3D ფორმატის გამოსახულებასთან ერთად, მასში ინტეგრირებულ აუდიო გიდის მრავალენოვან სერვისსაც მოიცავს. ვირტუალური რეალობის პრეზენტაციის გამშვები სპეციალური აპლიკაცია მზერის დაყოვნების საშუალებით, ინტერაქტიულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სფერულ ვიდეო მასალაში მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას და გრაფიკული ეფექტებით გაფორმებული ინფორმაციის ჩვენებას.
მაღალი წარმადობის ვირტუალური რეალობის სტენდებით უახლოეს მომავალში, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსიც აღიჭურვება.