საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ტოკიო საქართველოს დღეებს მასპინძლობს
15-16 ივნისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს დღეები იაპონიაში“ პირველად იმართება.
იოიოგის პარკში ორი დღის განმავლობაში ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ საქართველოს. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა. საგულისხმოა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
ღონისძიებაზე დაგეგმილ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ექნებათ.
ამასთან, 14 ივნისს იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიღება, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ბასიანის“ მიერ საქართველოსა და იაპონიის ჰიმნები გაჟღერდა, სტუმრებმა მოუსმინეს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, „ბასიანს“ და იხილეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საცეკვაო ნომრები.
15 ივნისს გაიმართება იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების – „იაპონელებისა“ და „საფირონების“, ასევე ფოლკლორული ანსამბლის, „ამფორას“ კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდიის, „მელიტა დანს სტუდიოს“ პერფორმანსი.
გაიმართება ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები: მკლავჭიდი, კარატე, ხრიდოლი. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს დადგმას: „„შენ ხარ ვენახი“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“; საღამო გაგრძელდება ქართული მრავალხმიანი სიმღერით, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტებით.
16 ივნისს კვლავ მოეწყობა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების, „იაპონელებისა“ და „საფირონების“ კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდიის, „მელიტა დანს სტუდიოს“ პერფორმანსი. გაიმართება ქართველი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.) და მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები: მკლავჭიდი, კარატე, ხრიდოლი. ასევე, გაიმართება იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტი. კულტურის დღეები დასრულდება ეთნოჯაზბენდის „ირიაოს“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტით.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. იაპონიაში საქართველოს დღეების პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.