საქართველოს კონკურენციის სააგენტომ თსუ-ს სტუდენტებისთვის დისტანციური სასწავლო პრაქტიკა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მაკროეკონომიკის მოდულის დამამთავრებელმა ასამდე სტუდენტმა დისტანციური სასწავლო პრაქტიკა დაიწყო.
დისტანციური პრაქტიკა ერთი თვე გაგრძელდება და მის ფარგლებში 10–მდე შეხვედრა გაიმართება. პირველ შეხვედრას ხელმძღვანელობდა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სტუდენტებთან თანამშრომლობა. პრაქტიკული კურსის ფარგლებში, თქვენ გაეცნობით – საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარების ისტორიას, არსებულ პოლიტიკას და მის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას კონკრეტული ქეისებით. ასევე, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს და ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. ჩვენი მიზანია, კონკურენციის სფეროში, პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა. სტუდენტების მიერ მიღებულ ცოდნას დაემატოს პრაქტიკულ გარემოში არსებული გამოცდილება. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს უწყება და რა სტრატეგია, თანამშრომლობის ფორმატები აქვს სააგენტოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კოლეგა უწყებებთან. ჩვენი სურვილია, ონლაინშეხვედრები გაიმართოს ორმხრივი დიალოგის, დისკუსიის ფორმატში, სადაც თქვენ გაეცნობით სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დასრულებული ქეისების, გადაწყვეტილებების ზეგავლენის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა ლექვინაძემ.