საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის ორი მოკვლევა, დასრულდა ერთი. ხუთ საჩივარზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის რვა მონიტორინგი. დასრულდა ერთი – სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი.
„გასული წლის მანძილზე, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინება უწყებაში შემოვიდა ოთხი, რომელზეც გაიცა თანხმობა; 2019 წელს, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა ერთი რეკომენდაცია.
კონკურენციის სააგენტოს მიერ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განხორციელდა 22 თემატური სემინარი/კონფერენცია. ფუნქციონირება დაიწყო სააგენტოს ახალმა ვებპორტალმა – www.competition.ge, სადაც გაუმჯობესებულია დაინტერესებულ მხარეებთან ნავიგაცია და განთავსებულია სააგენტოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
2019 წლის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია – ევროკავშირის პროექტისა და GIZ-ის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტების; კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, გზამკვლევი/სამეცნიერო დოკუმენტების შესახებ მასალა“,- აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2020 წელს სააგენტოს წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას – არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, მისი ეფექტურობის გაზრდა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება.
„ამ გამოწვევებს მაღალი სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ვუპასუხოთ. 2019 წელს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები -„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და სამომავლოდ სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, დღის წესრიგში დგას „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები, რაც სააგენტოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ახლებურ გააზრებას მოითხოვს“,- განაცხადა ლექვინაძემ.
ამასთან როგორც სააგენტოში აცხადებენ, ანგარიშში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, მკითხველი გაეცნობა, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს უწყება, როგორია სამომავლო განვითარების სტრატეგია და მთავარი პრიორიტეტები. ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებების, უწყებათაშორისი თანამშრომლობის, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მექანიზმების შესახებ ინფორმაციებს.
„რაც შეეხება 2020 წლის 4 თვის მონაცემებს – მიმდინარე შვიდი მონიტორინგიდან დასრულდა – სამი: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრების შესწავლა. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეა – ავტოდაზღვევის, პურ-პროდუქტების, საწვავის და ფარმაციის მონიტორინგები.
2020 წლის პირველ კვარტალში, დასრულდა ერთი მოკვლევა და დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. პარალელურ რეჟიმში, დაწყებული იქნა მოკვლევა ორ საკითხზე და დაუშვებლად იქნა ცნობილი ორი საჩივარი. მიმდინარეობს ორი საჩივრის შესწავლა მოკვლევის დაწყების თაობაზე. კონკურენციის სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს ათი სასამართლო საქმე სხვადასხვა ინსტანციებში. წლის პირველ კვარტალში სამუშაო შეხვედრები შედგა მედიის, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დარგის ექსპერტებთან; დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რეგიონულ დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, 2020 წლის პირველი აპრილიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა დაიწყო საქმიანობა“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.