საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2019 წელს მოზარდებისთვის მედიაწიგნიერების ხუთ პროექტს განახორციელებს
საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2019 წელს მოზარდებისთვის მედიაწიგნიერების ხუთ პროექტს განახორციელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების ხუთ პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ივანიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა:

კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;

მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი;

ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;

ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;

ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო პროექტზე „გამარჯობა რუბი“ – ეს არის ფინური წიგნის სერია, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას, კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას; ამ წიგნით სწავლება სექტემბრიდან განათლების რეფორმის  ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში განხორციელდება“, – აღნიშნა კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ივანიშვილმა.

ბავშვებთან, მოზარდებთან ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიტანისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარების მიზნით, შეიქმნება ქართულ ენაზე ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში;  ჩატარდება საგანმანათლებლო მოკლევადიანი კურსი ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების შესასწავლად; ასევე – მედიაწიგნიერების კონკურსი და შეიქმნება ეროვნული მნიშვნელობის ონლაინპლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მედიაწიგნიერების საკითხებს და სხვადსხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე იქნება მორგებული.

„ჩვენი რეფორმის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცოდნა დაწყებითი კლასებიდანვე  მოხდეს.  დღეს პროგრამირება სასწავლო პროცესის ისეთივე განუყოფელი  ნაწილია თანამედროვე სამყაროში, როგორც ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლა. ბავშვები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარება. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, განვახორციელებთ პროექტებს.  შემოდგომიდან სკოლებში უკვე შევიტანთ სახელმძღვანელოს – „გამარჯობა რუბი“, რომელიც ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი. ასევე, მოხდება პედაგოგების გადამზადება, რომლებიც უკვე მოსწავლეებს გადასცემენ ამ ცოდნას“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განესაზღვრა.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა. 2018 წლის ბოლოს კი, შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.