საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მაკედონიელი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მაკედონიელი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს მამაკაც ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 43 წლის მაკედონიელი დონე ბოშკოვსკი დაინიშნა. ამ სპეციალისტმა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის უნდა მოამზადოს.

შესარჩევი ეტაპი 12-14 იანვარს კლაიპედაში გაიმართება და მასში მონაწილეობენ მიიღებენ: მასპინძელი ლიტვა, ლატვია, ისრაელი და საქართველო. ეროვნულ ნაკრებში ბოშკოვსკის თანაშემწედ ტიტე კალანდაძე იმუშავებს.

ბოშკოვსკის საკლუბო დონეზე რამდენიმე გუნდში უმუშავია, სანაკრებო დონეზე კი მაკედონიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო 2009 და 2013 წლების მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2012 წლის ევროპის პირველობაზე. ხოლო 2012 წლის ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეი ოფში შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული გადის.