საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებს
9-10 ივლისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, რომელიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.
„საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.
მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ.
როგორც ცნობილია, 2017-18 წლებში დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებმა ერთი წლით უკვე იმოგზაურა საქართველოში, რის შემდეგაც ისევ ინდოეთში დაბრუნდა. ამჟამად კი, გოას არქეოლოგიურ მუზეუმში დასვენებული წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცემა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა.