საქართველოს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა
საქართველოს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 19-იდან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.

საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანს მოჰყვება გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. ასევე, გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი.

სვენ გიგოლდი, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან. შეხვედრებისას საუბარი უმთავრესად შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს.

ამასთან, საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ბიზნესდელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისთვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებსა და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა.

საქართველოში გამომგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ჩვენ ვეხმარებით მას ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საექსპორტო საკრედიტო გარანტიებს, საინვესტიციო გარანტიებსა და პარტნიორობას ადმინისტრაციულ საკითხებში. ასევე, ხელმისაწვდომია მენეჯერთა გადამზადების პროგრამა და ევროკავშირის შეთავაზებები ადმინისტრირების მოდერნიზების კუთხით (ტვინინგის პროგრამა). განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. ამ კუთხით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაუმჯობესება, ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელება და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მოცემული პრიორიტეტების შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.