საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბრალდებულის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდეს.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი – გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე.
ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.