საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების, ასევე, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2022 წელს შენობის მეორე და მესამე სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული და სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი სამუშაო სივრცეები შეიქმნა.

ასევე, გენერალურ პროკურატურაში განახლდა და გარემონტდა სპორტული და სავარჯიშო დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროკურატურის თანამშრომლების სპორტულ აქტივობას და, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სრულად განახლდა და შეიცვალა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

გარდა ამისა, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, 2022 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. პროექტი ​ლიეტუვურ კომპანიას, „UAB OKATA“-ს, მის ადგილობრივ პარტნიორს, შპს ,,სოლარ ენერჯი ჯორჯიას“ და საქართველოს პროკურატურას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და კომუნალური ხარჯების შემცირება.
საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც გეგმავს სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. აღნიშნული პროექტი ხარჯების დაზოგვის და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკის ერთობლივი კომპონენტია.

პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის საჭირო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით აღჭურვის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.