ილჰამ ალიევი - საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება
საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. ეს პროექტი ასევე წარმატებლად ხორციელდება. უკვე სრულდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – „TAP“. ამგავრად, მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში აზერბაიჯანის ინიციატივით და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სრულად დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3 500 კილომეტრია და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უკვე მოხდება ევროპულ სივრცეში. ამგვარად, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულად შევა ექსპლუატაციაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა, რადგან ის „შაჰდენიზის“ საბადოს სრულად ამუშავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გარეშე, აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა შესაძლოა, დაუსრულებელი დარჩენილიყო.
„თუმცა, დღეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესებს. „შაჰდენიზის“ საბადო სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს. ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც – ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში“, – აღნიშნა ალიევმა.