საქართველოს განათლების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი თანამშრომლობის პრინციპების დაწესება ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში.
ამასთან, დღესვე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. სპეციალურად ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„მე ძალიან ვამაყობ, რომ დღეს ვზეიმობთ უნივერსიტეტის დამთავრებას კურსდამთავრებულებთან, მათ მშობლებთან ერთად, განსაკუთრებით ამ გამოწვევებით აღსავსე წლის შემდგომ. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტეტი გახლავთ საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშომლობის ნათელი მაგალითი, როდესაც ქართული უნივერსიტეტები და ამერიკული უნივერსიტეტი თანამშრომლობენ, აკეთებენ ძალიან ბევრს განათლების სისტემის განვითარებისთვის ისეთი მიმართულებით როგორიც არის ინჟინერია, საბუნებისმეტყველო, კომპიუტერული ტექნოლოგია და მათემატიკის მიმართულებით.
200-მდე სტუდენტმა დაამთავრა უნივერსიტეტი და ისინი გააგრძელებენ წარმატებით მოღვაწეობას. მე განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ კურსდამთავრებულთა 37 პროცენტი არის გოგონა, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია. მიხარია, რომ ისინი მონაწილეობენ ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში და ეს არის ის მიმართულება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. აშშ და ჩვენი საელჩო მოხარულია, რომ მხარს უჭერს ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
დღევანდელ ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომები გადაეცათ. ვინაიდან, გასულ წელს პანდემიური ვითარების გამო, კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია მხოლოდ ვირტუალურად გაიმართა, მიმდინარე წლის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც 2021 წლის, ასევე 2020 წლის კურსდამთავრებულებმა.