14-21 აპრილს, გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევიან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს.
უწყების ცნობით, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს ხურვალეთში და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებენ; სტუმრები ასევე ეწვევიან იუსტიციის სახლს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს. დაგეგმილია ელჩების ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან შეხვედრის გარდა მოინახულებენ ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს და ეწვევიან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს.
საქართველოში გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების სამუშაო ვიზიტის მიზანია, გაეცნონ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, რეფორმირებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას.
ელჩები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების და ტურისტული პოტენციალის შესახებ. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს.
გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების საქართველოში ვიზიტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი ინიციატორი გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა.