საქართველოს ფუტსალში ახალი ჩემპიონი ჰყავს - ფინალში მეკარემ დუბლი შეასრულა
საქართველოს ფუტსალში ახალი ჩემპიონი ჰყავს - ფინალში მეკარემ დუბლი შეასრულა

საქართველოს ფუტსალის ლიგას ახალი გამარჯვებული ჰყავს – 2017/18 წწ სეზონის ჩემპიონი “ტატიშვილის კლინიკა” გახდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალური სერიის გადამწყვეტ მესამე შეხვედრაში მედიკოსებმა გულრიფშის “კოლხი” 4:0 დაამარცხეს და ოქროს მედლებს პირველად დაეუფლნენ.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა მედიკოსების მეკარემ, თორნიკე ბუკიამ, რომელმაც დაუჯერებელი შედეგი აჩვენა – ორი ულამაზესი გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. მატჩისა და სეზონის ბოლო გოლი კი გიორგი ქურდაძემ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებისა და საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 33 გატანილი გოლით, გიორგი სილაგავა გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კი მედიკოსების კარის დარაჯი, თორნიკე ბუკია დასახელდა.