ქურდობის ბრალდებით საქართველოს ფოსტის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1-5 თებერვალს უწყებამ ქურდობის ბრალდებით რვა პირი დააკავა: ბათუმში – ერთი, თბილისში – ორი, გორში – ერთი, კახეთში – ერთი, მცხეთა-მთიანეთში – სამი. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია ერთი არასრულწლოვანი. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ბათუმში სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. კახეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან, ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი იმავე ღამეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ქურდობის ყველა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.