საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს ესტუმრა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა უწყებების პირველ პირებს შორის.
„მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური და სხვა სახის დანაშაულების პრევენცია და სხვა.
გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება.
ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.