საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან მართავს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მისი გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.
ქართველ და ბელარუს სამართალდამცავთა მსჯელობის მთავარი თემებია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია და სხვადასხვა კატეგორია: გადასახადებისთვის თავის არიდება, დღგ-ის დაუსაბუთებელი დაბრუნება, აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.
მხარეები გეგმავენ თანამშრომლობას ანალიტიკური საქმიანობის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და აქტუალური პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოსაძიებლად.