საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნად, სტრასბურგში ღონისძიება ჩატარდა
საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად, თბილისში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედიაკონფერენცია ჩატარდება.
ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყნის არჩევასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის, კომუნიკაციების კომისიისა და ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზან ნიკოლტჩევმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მიმართეს.
ღონისძიებას ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, აუდიოვიზუალური სექტორის, კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობისა და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას ჰყავს 41 წევრი. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ივნისში ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მართავს საჯარო მედია კონფერენციას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. საქართველო, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, აღნიშნულ ღონისძიებას თბილისში 12 ივნისს უმასპინძლებს.