საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ესეების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი „მომავლის ევროპელი” (Imagining the European of the future) მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობა ყველა სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
კონკურსი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცხადდა.
ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შექმნან თავისუფალი სტილის ლიტერატურული ნაშრომები, სადაც ისინი გამოხატავენ თავიანთ ხედვას, როგორი წარმოუდგენიათ მომავლის ევროპელი.
„ევროპის საბჭოს წევრობა და მასთან თანამშრომლობა ქვეყნის პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო უერთდება საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ განათლების სფეროს დაუკავშირდა,რადგან განათლებაშია მომავალი“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ.
ნაშრომები ქართულ ენაზე შეიქმნება. წარდგენილი ესეებიდან ოცი საუკეთესოს შეარჩევენ. გამარჯვებულები ფულად ჯილდოსა და ჟიურის სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ესეების ავტორებს კი, დიპლომები ევროპის საბჭოს 70-ე საიუბილეო ღონისძიებაზე, სტრასბურგში გადაეცემათ.