ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს დღეს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში, 4 სექტემბერს თბილისში საზეიმოდ გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა.
„აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. იგი განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და მათ სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, მოსწავლეები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.
ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე, კერძო სკოლის – „ახალი სკოლა“ ბაზაზე განთავსდება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.
ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი 4 სექტემბერს დასრულდება.