საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (სსფ, IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, დღეს მდგრადი დაფინანსების კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, მდგრად საბანკო ქსელის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. კობა გვენეტაძემ გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ცენტრალურმა ბანკებმა და რეგულატორებმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგების პრინციპებისა და სხვა სტანდარტების შემუშავებით ხელი უნდა შეუწყონ მდგრადი დაფინანსების განვითარებას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მდგრად საბანკო ქსელში გაწევრიანდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული კონფერენცია მეორე ღონისძიებაა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით უმასპინძლა. 2018 წლის სექტემბრის პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საქართველოში მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2019 წლის აპრილში მდგრადი ფინანსების განვითარების გზამკვლევის გამოქვეყნება იყო. მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების სიას, რომელთა განხორციელებაც მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა სსფ-ის დახმარებით ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირება განახორციელა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მსგავსი თემების კაპიტალის ბაზრების კორპორაციული მართვის კოდექსში ინტეგრაციისთვის.
„ბოლო წლებში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. 2017 წელს ეროვნული ბანკის მდგრად საბანკო ქსელში გაწევრიანების შემდეგ არსებითი ნაბიჯები გადაიდგა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რის საშუალებასაც ეროვნულ ბანკს SBN-ის წევრობა აძლევს. ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას გზამკვლევის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელების ხელშესაწყობად, რაც ასევე კარგი მაგალითი იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის”, – განაცხადა IFC-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა, მერი პორტერ პეშკამ.
კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს მდგრადი დაფინანსების წინაშე არსებული გამოწვევები, ისაუბრეს გზამკვლევისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების გასაჯაროებისა და გამჭვირვალობის თემებს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ფინანსური ზედამხედველობის და რეგულატორული ინიციატივების მნიშვნელობას მდგრადი დაფინანსების განვითარებისთვის.