საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა. ISO 27001 – ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეოთხედ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა, ათ წელზე მეტია, მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.

„საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს დიდი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი კრიტიკულ ბიზნესსისტემებს მართავს და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი ბიზნესოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელება, რაც, თავის მხრივ, მეტად საიმედოს ხდის საბანკო სერვისებს. წელს ეროვნულმა ბანკმა ISO სტანდარტთან შესაბამისობა უკვე განახლებული ვერსიით ISO/IEC 27001:2022 გაიარა. სებ-ის, როგორც ცენტრალური ბანკის შესაბამისობა ISO 27001-ის სტანდარტთან, მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე მთლიანად საფინანსო სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ, TUV SUD Management Service GmbH-მა გასცა.